საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

არჩილ თალაკვაძე მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის თავმჯდომარეს, მოჰამად იუსოფს შეხვდა. 

სამხრეთ-აღმოსავლეთ რეგიონთან კავშირების განვითარებისა და მჭიდრო საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მნიშვნელობა, სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გაღრმავება და ტურიზმის მიმართულებით არსებული პოტენციალი - ის ძირითადი თემები იყო, რაზეც ორი ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარეებმა იმსჯელეს.

არჩილ თალაკვაძემ მალაიზიელ კოლეგას საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება და საქართველოს პარლამენტის დღის წესრიგი გააცნო.

შეხვედრაზე განხილული თემებისა და ორმხრივი ურთიერთობების სამომავლო გაღრმავების საკითხების შესახებ, საქართველოს პარლამენტისა და მალაიზიის პარლამენტის წარმომადგენელთა პალატის სპიკერებმა პრესასთან ერთობლივი განცხადებისას ისაუბრეს.

„საქართველო დიდ ყურადღებას ანიჭებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონთან კავშირების განვითარებას. ამ მიზნით, 2013 წელს მალაიზიის დედაქალაქ კუალა ლუმპურში გავხსენით საქართველოს საელჩო. დიპლომატიური ურთიერთობები ჩამოვაყალიბეთ რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანასთან. ასევე, ვაძლიერებთ ურთიერთობებს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის სახელმწიფოების ასოციაციის საპარლამენტთაშორისო ასამბლეასთან. ამიტომ მოხარულები ვართ ჩვენი მალაიზიელი მეგობრების მასპინძლობით და მათთან სიღრმისეული საუბრების შესაძლებლობით. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული თანამშრომლობა საკანონმდებლო, სავაჭრო-ეკონომიკური, ხალხთაშორისი მიმართულებებით. მალაიზიელ კოლეგებს გადავუხადეთ მადლობა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერისთვის. ვისაუბრეთ მომავლის გეგმებსა და ნაბიჯებზე, რომლებმაც ჩვენი ქვეყნები კიდევ უფრო წარმატებული უნდა გახადოს“, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.