საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს მიერ ადრეული ქორწინების პრევენციისთვის შემუშავებული მექანიზმები მსოფლიოს ადამიანის უფლებათა საუკეთესო მაგალითებს შორის წარადგინეს

24.02.2020 ქ. თბილისი- საქართველომ, როგორც ადამიანის უფლებების დაცვის მსოფლიოს სამაგალითო ქვეყნების ჯგუფის წევრმა, მიმდინარე წელს ჯგუფის  ფარგლებში წარმატებულ მაგალითად საქართველოს მხრიდან  ადრეული ქორწინების პრევენციისთვის შემუშავებული ეფექტური მექანიზმები წარადგინა.

 “Good Human Rights Stories” ჯგუფის შეხვედრაზე, სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი.
„ადამიანის უფლებების დაცვის ჩარჩოს განვითარება ჩვენი მთავრობის დღის წესრიგის პრიორიტეტად რჩება.

პეკინის დეკლარაციის 25 წლის იუბილეს სულისკვეთების თანახმად, საქართველო  გენდერული თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა გაძლიერების აქტიურ მხარდამჭერად რჩება. ამ თვალსაზრისით,  მოხარული ვართ, რომ შესაძლებლობა გვაქვს დღეს, ჟენევაში „ადამიანის უფლებათა  კარგი ისტორიების“ ინიციატივის ფარგლებში დაგეგმილ ღონისძიებაზე გაგიზიაროთ ბავშვთა ადრეული, იძულებითი ქორწინებების წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით ჩვენი გამოცდილება.
საქართველო განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს კონფლიქტებით დაზარალებულ ქალთა და გოგონათა ადამიანის უფლებების დაცვას და ჩვენ აქტიურად ვიღებთ მონაწილეობას ამ მიმართულებით შესაბამის ინიციატივებში.”

საკუთარ გამოსვლაში დავით ზალკალიანმა ყურადღება გაამახვილა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ადრეული ქორწინების პრევენციისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე, მათ შორის საკანონმდებლო დონეზე განხორციელებულ ცვლილებებზე, რომლის თანახმადაც ადრეული ქორწინება სისხლის სამართლის დანაშაულის კატეგორიაში გადის. 
მან ასევე ყურადღება გაამახვილა ადრეული ქორწინების საკითზე სახელმწიფოს წარმატებულ თანამშრომლობაზე როგორც არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებთან. ღონისძიების ფარგლებში ქართულმა მხარემ წარმოადგინა საქართველოს მოქალაქის ჩინარა კოჯაევას ისტორია, რომელიც ერთი მოქალაქის მაგალითზე წარმატებულად წარმოაჩენს სახელმწიფოს ყველა მექანიზმების ეფექტურ საქმიანობას ადრეული ქორწინების პრევენციისთვის.   მინისტრმა ხაზი გაუსვა ასევე საქართველოს მთავრობის მიერ წარმოებულ ცნობიერების ამაღლების კამპანიაზე, განსაკუთრებით იმ რეგიონებში, სადაც ადრეული ქორწინება ერთგვარ კულტურულ სტიგმად გვევლინება.  აღსანიშნავია რომ საქართველო 2018 წლიდან გახლავთ მსოფლიოს იმ 15 სახელმწიფოს შორის, ვინც ევროკავშირის და გაეროს მიერ დასახელდა მსოფლიოს საუკეთესო მაგალითებად ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით.