საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა გაეროს წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა

24.02.2020 ქ. ჟენევა - გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს მაღალი დონის სეგმენტის 43-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა წევრ სახელმწიფოებს “ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის” მხარდაჭერისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა. მან საბჭოს სესიაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის დაუსჯელობა ამწვავებს ადგილზე არსებულ ისედაც უფრო რთულ ვითარებას.

“ნება მომეცით, კიდევ ერთხელ შევახსენო საბჭოს, რომ ოკუპირებულ რეგიონებში  ქართველი მოქალაქეების სიცოცხლის ხელყოფამ მიიღო სახიფათო ტენდენციის სახე. 2019 წლის 10 მარტს, რუსეთის ფსბ-ს ძალებმა საოკუპაციო ხაზთან დააკავეს საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია და მოგვიანებით ის გარდაიცვალა უფრო საგანგაშო ის არის, რომ ის რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონოდ განთავსებულ, რუსეთის სამხედრო ბაზაზე გარდაიცვალა.

დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია და არჩილ ტატუნაშვილი  იმ ქართველთა სახელებია, რომლებიც გასული წლების მანძილზე მოკლეს. ყველაზე საგანგაშო კი ის არის, რომ ამ საშინელ დანაშაულთა ჩამდენი პირები კვლავ დაუსჯელები რჩებიან.
ამგვარი მიდგომა კიდევ უფრო ამწვავებს დაუსჯელობის შეგრძნებას, და მეტიც, ამძაფრებს ეთნიკური ქართული მოსახლეობის მიმართ ძალადობას.

აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი წევრი სახელმწიფოების მხრიდან „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ მხარდაჭერის, როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დამრღვევი პირებისათვის შემზღუდველი ზომების დაკისრების გზით, სიტუაციის შემდგომი გაუარესებისაგან თავის აცილების მიზნით პრევენციული ნაბიჯის მნიშვნელობას”-განაცხადა მინისტრმა. დავით ზალკალიანმა დღეს ჟენევაში მიმდინარე გაეროს ადმაინის უფლებათა საბჭოს მაღალი სეგმენტის 43-ე სესიის მონაწილეებს სიტყვით მიმართა.