საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა გაეროს უმაღლეს კომისართან ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა განიხილა

25.02.2020 ქ. ჟენევა - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლეს წარმომადგენელს ფილიპო გრანდის შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს საქართველოსა და ლტოლვილთა საკითხებში გაეროს უმაღლესი წარმომადგენლის ოფისს შორის არსებული წარმატებული თანამშრომლობა, რაც მიმართულია ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ რთულ ჰუმანიტარულ ვითარებას. შეშფოთება გამოითქვა საოკუპაციო რეჟიმის ქმედებებზე, რომელიც მნიშვნელოვნად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ჰუმანიტარულ მდგომარეობას და  უსაფრთხოების გარემოს, მათ შორის ყურადღება გამახვილდა ადამიანების გატაცებების გახშირებულ ფაქტებზე, გადასასვლელი პუნქტების  ჩაკეტვის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვისა და სამედიცინო საჭიროებებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვის შემთხვევბზე. ​მხარეები შეთანხმდნენ მომავალშიც აქტიურად ითანამშრომლონ ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული ვითარების და იძულებით გადაადგილებული პირების საკითხის აქტუალიზაციაზე საერთაშორისო ასპარეზზე.