საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის 2021 წლის შესარჩევი კონკურსი დაიწყო

2021 წლის 5 აპრილს, საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამა გახსნილად გამოაცხადა.

აღნიშნული პროგრამის მიზანს წარმოადგენს საზღვარგარეთ საქართველოს პოპულარიზაცია, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელება, ასევე, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნება, მათ შორის, მოზარდ და ახალგაზრდა თაობაში საქართველოს შესახებ ცნობიერების გაზრდა და ადგილსამყოფელ ქვეყნებთან კულტურული და ეკონომიკური კავშირების გაღრმავების ხელშეწყობა.

საგრანტო პროგრამა საქართველოს მოქალაქეებს მისცემს შესაძლებლობას, გამჭვირვალე კონკურსის გზით მოახდინონ საკუთარი იდეების რეალიზება, რაც დიასპორულ საქმიანობას კიდევ უფრო მრავალფეროვანს გახდის და საქართველოსა და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს შორის კავშირის გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

პროგრამაში გამარჯვებულთა გამოვლენა მოხდება კონკურსისი წესით, კომისიის მიერ, რომლის შემადგენლობაში შედის საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის და პარლამენტის დიასპორის და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები.

აღსანიშნავია, რომ "დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერის“ საგრანტო პროგრამას საგარეო საქმეთა სამინისტრო 2019 წლიდან ახორციელებს.

კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს სულ მცირე, უკანასკნელი 1 წლის განმავლობაში საზღვარგარეთ მცხოვრებ და ადგილსამყოფელ ქვეყანაში არანაკლებ შემდგომი 1 წლის მანძილზე ცხოვრების უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეს ინდივიდუალურად ან საქართველოში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქესთან ერთად (დანართი N1).

საგრანტო განაცხადების მიღება განხორციელდება 2021 წლის 5 აპრილიდან 5 მაისის ჩათვლით, მხოლოდ ელექტრონულად, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე - [email protected]

განმცხადებლის მიერ წარსადგენი სავალდებულო დოკუმენტები:

  • დადგენილი ფორმის მიხედვით შევსებული განაცხადი (დანართი N2);
  • დეტალურად გაწერილი პროექტის ბიუჯეტი, თანდართული ხარჯთაღრიცხვის ფორმის მიხედვით (დანართი N3);
  • ერთი ფოტოსურათი;
  • CV ქართულ ენაზე;
  • საქართველოს მოქალაქის მოქმედი პირადობის მოწმობის ან საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასლი;
  • საზღვარგარეთ ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (სასწავლო ვიზა, ცხოვრების ნებართვა, ცნობა მუშაობის უფლების შესახებ) არანაკლებ 1 წლის მოქმედების ვადით.

საგრანტო წინადადება, ასევე, უნდა მოიცავდეს:

  • პროექტის აღწერილობას და განმარტებას თუ რა მეთოდებითა და საშუალებით უზრუნველყოფს განმცხადებელი წარმოდგენილი პროექტის განხორციელებას;
  • გრანტის ოდენობას, რომლის ფარგლებშიც უზრუნველყოფს განმცხადებელი წარმოდგენილ პროექტის განხორციელებას;
  • შესრულების ვადას;
  • მოსალოდნელ შედეგს.

დამატებითი ინფორმაცია კონკურსის წესის შესახებ გამოქვეყნდება სამინისტროს საინფორმაციო არხებზე.