საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა

2021 წლის 7 აპრილს საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელთან ტოივო კლაართან.

შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა გახლდათ ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების და ჰუმანიტარული კუთხით შექმნილი რთული მდგომარეობა, რაც პანდემიის პირობებში რუსეთის ფედერაციის მხრიდან გახშირებული პროვოკაციების ფონზე კიდევ უფრო გაუარესდა. აღინიშნა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიის პროცესის გააქტიურება, მზარდი მილიტარიზაცია, ე.წ. ბორდერიზაცია, საოკუპაციო ხაზის დაკეტვა და თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვა, მათ შორის ახალგორის მცხოვრებთა სამედიცინო ევაკუაციის შეფერხება, რაც სრულ იზოლაციაში აქცევს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას, ქმნის ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისს და საფრთხეში აგდებს ადამიანების სიცოცხლეს.

ამ კონტექსტში განსაკუთრებული სიმწვავით დაისვა ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი საქართველოს მოქალაქეების მდინარე ენგურის გადმოკვეთის მცდელობისას დაღუპვის ფაქტი, რაც წარმოადგენს რუსეთის უკანონო ოკუპაციის მორიგ უმძიმეს ადამიანურ საფასურს. მხარეების მიერ ხაზი გაესვა ე.წ. გადასასვლელების გახსნისა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობის უზრუნველყოფის აუცილებლობას.

ასევე ყურადღება დაეთმო უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქეების ზაზა გახელაძის, გენადის ბესტაევის, ლაშა ხეთერელის და ირაკლი ბებუას დაუყოვნებლივ გათავისუფლების საკითხს. 

დავით ზალკალიანმა ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, რომლებიც მიმართულია კორონავირუსის პანდემიის დროს კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. 

ადგილზე არსებული გამოწვევების ფონზე, დაისვა გალში ინციდენტებისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის, ისევე როგორც ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებელი ფუნქციონირების საკითხი.

მხარეებმა განიხილეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკა და პროგრესის მიღწევის გზები, სამომავლო ნაბიჯები რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის განხორციელების გზაზე და ევროკავშირის ჩართულობა სამშვიდობო პროცესებში. 

მხარეებმა ისაუბრეს ასევე რეგიონში მიმდინარე მოვლენებზე და გამოთქვეს შეშფოთება უკრაინის საზღვრებთან და ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის სამხედრო ძალის კონცენტრაციის და აღმოსავლეთ უკრაინაში გააქტიურებული სამხედრო მოქმედებების გამო. სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებაზე საუბრისას, ხაზი გაესვა რეგიონში ევროკავშირის ჩართულობის გაძლიერების აუცილებლობას.

საუბარი შეეხო საქართველოში არსებულ შიდა პოლიტიკურ ვითარებასაც და აღინიშნა, რომ ქვეყნის წინაშე მდგარი გამოწვევების ფონზე აუცილებელია პოლიტიკური კრიზისის უმოკლეს დროში დაძლევა.  

დავით ზალკალიანმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს და მის სპეციალურ წარმომადგენელს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების პროცესში გაწეული ძალისხმევისთვის. აღინიშნა, რომ ადგილზე მწვავე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის გამო კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხები მუდმივად მაღალ დონეზე იდგას საერთაშორისო თანამეგობრობის, მათ შორის, ევროკავშირის დღის წესრიგში.