საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროკავშირი თქვენთანაა და იგი ძლიერ, სანდო პარტნიორად რჩება - შარლ მიშელი

„საქართველო, მოლდოვა და უკრაინა არიან დამოუკიდებელნი უკვე 30 წელია. ერთი თაობა, რომელმაც მიაღწია პროგრესს, ამ გზაზე ასევე იყო მტკივნეული დაბრკოლებებიც.ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის, თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე და ეს არ ყოფილა იოლი გზა. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას.  „ევროკავშირი თქვენთანაა და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ! ჩვენ გვაქვს საერთო დღის წესრიგი, საერთო მისწრაფებები და საჭიროებები. თქვენ ყველას ერთად გპირდებით, რომ ევროკავშირი დარჩება ძლიერ და სანდო პარტნიორად. „ - ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობაზე საუბრისას, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ასოცირების შეთანხმება, მათ შორის ღრმა და თავისუფალი ვაჭრობის სივრცე არის ყველაზე ამბიციური ფორმა თანამშრომლობისა, რომელიც ევროკავშირს  სხვა ქვეყანებთან აქვს.

„2019 წლისთვის მნიშვნელოვნად გაიზარდა, ზოგიერთ შემთხვევაში 45 პროცენტითაც კი იმატა ჩვენმა ვაჭრობამ და ევროკავშირი ყველაზე მსხვილი სავაჭრო პარტნიორია ზოგიერთი ქვეყნისთვის. ჩვენ მეტის გაკეთება შეგვიძლია, რათა თქვენი საკანონმდებლო სივრცე და ჩარჩო სისტემა განვითარდეს და კონკურენტუნარიანი გახდეს თქვენი ქვეყნის მეწარმეობა ევროკავშირის სამომხმარებლო ბაზაზე. ჩვენ ვხედავთ, რომ ვიზალიბერალიზაციასაც აქვს თავისი სარგებელი საქართველოსთვის, უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ნახევარ მილიონზე მეტი სარგებლობს უვიზო მიმოსვლის რეჟიმით და ჩვენ ასევე მხარს ვუჭერთ ახალგაზრდობას. სულ 80 ათასი გაცვლითი პროგრამა არსებობს ერასმუსის პროგრამის ფარგლებში““ - აღნიშნა შარლ მიშელმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  ადამიანის უფლებები, თანასწორობა, დისკრიმინაციის დაუშვებლობა, პრესის დაცულობა – ეს ის ფასეულობებია, რომელიც კეთილდღეობის საუკეთესო გარანტიაა.

შარლ მიშელმა ასევე ისაუბრა Covid-19-ის პანდემიასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ პანდემია მხოლოდ გლობალური თანამშრომლობის ძალისხმევით დაიძლევა.

„დიდი გლობალური გამოწვევების წინაშე ვდგავართ კოვიდ 19-ის სახით. ყველამ ვიცით, რომ პანდემია გლობალური თანამშრომლობით თუ დაიძლევა. 2,9 მილიარდი ევროს მობილიზაცია მოვახდინეთ ამ კრიზისის დასაძლევად. ეს ძლიერი მხარდაჭერა ცხადყოფს, რამდენად მნიშვნელოვანია ჩვენი მხარდაჭერა. ევროკავშირი უმსხვილესი პარტნიორი და დონორია ვაქცინაციის პროცესში. “, - განაცხადა შარლ მიშელმა.

ბათუმში მე-17 საერთაშორისო კონფერენცია „ევროკავშირის მიზიდულობის ძალა და რეგიონის ტრანსფორმაცია“ გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა  გახსნა. სესიაზე სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს პრეზიდენტი, პრემიერ-მინისტრი, მოლდოვის, უკრაინისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტები.

კონფერენციაზე განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა ევროატლანტიკურ სივრცეში არსებული გამოწვევები, შესაძლებლობები და მოკავშირეებს შორის თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივები.