საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება

2021 წლის 4 აგვისტოს, გაერო-ს უშიშროების საბჭოს დახურულ სხდომაზე, საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის მე-13 წლისთავთან დაკავშირებით, განიხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის საკითხი და რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე არსებული ვითარება.

სხდომის ფარგლებში, საბჭოს წევრებს ადგილზე არსებული ვითარების შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა ევროპისა და ცენტრალური აზიის საკითხებში გაერო-ს გენერალური მდივნის თანაშემწემ, მიროსლავ იენჩამ.

სხდომის დასრულების შემდგომ სპეციალური განცხადება გააკეთეს უშიშროების საბჭოს წევრი ქვეყნების - აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიისა, ნორვეგიის, საფრანგეთის და ალბანეთის (საბჭოს მომავალი წევრის რანგში)  წარმომადგენლებმა.

ერთობლივ განცხადებაში, მხარეებმა კიდევ ერთხელ დაადასტურეს საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ქვეყნის ტერიტორიული  მთლიანობისადმი მხარდაჭერა. მათ მწუხარება გამოთქვეს, რომ რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა კვლავ ირღვევა და დაგმეს საქართველოს განუყოფელ ნაწილებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე/სამხრეთ ოსეთი, რუსეთის მიერ კონტროლის განხორციელებისა და უკანონო სამხედრო ყოფნის ფაქტები; ასევე, რუსეთის მიერ, საქართველოს ამ რეგიონების ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯები. განცხადებაში რუსეთის ქმედებები შეფასებულია, როგორც საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა.
“ჩვენ ვგმობთ რუსეთის უწყვეტ პროვოკაციებს, რომლებიც გრძელდება მიმდინარე პანდემიის მიუხედავად, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე გაძლიერებულ სამხედრო ყოფნასა და სამხედრო წვრთნებს, ბორდერიზაციის პროცესის ინტენსიფიკაციას, თვითნებურ დაკავებებს, ადგილობრივი მოსახლეობის გატაცებებს, გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვასა და ადმინისტრაციული საზღვრის ხანგრძლივ ჩაკეტვას (ABL), გალის და ახალგორის რაიონებში ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციასა და ადგილობრივი მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე განათლების მიღების აკრძალვას. ჩვენ მოვუწოდებთ დაუყოვნებლივ გაათავისუფლონ ირაკლი ბებუა და საქართველოს სხვა მოქალაქეები, რომლებიც კვლავ უკანონოდ არიან დაკავებულნი”  - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში მხარეები იხსენებენ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2021 წლის 21 იანვარის გადაწყვეტილებას, რომელშიც დადასტურებულია, რომ რუსეთი, როგორც საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი, პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მძიმე დარღვევებზე, მათ შორის, სამოქალაქო პირების მკვლელობაზე, სამხედრო ტყვეების წამებაზე, არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობაზე, ქართველებისათვის თავიანთ სახლებში დაბრუნების ხელის შეშლასა და ადამიანის უფლებებათა დარღვევებზე გამოძიების ჩატარების განუხორციელებლობაზე.
განცხადებაში მხარეები ღრმა შეშფოთებას გამოთქვამენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ადამიანის უფლებათა მონიტორინგის საერთაშორისო მექანიზმებს არ ეძლევათ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში შესვლის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ისინი მოწოდებას აკეთებენ, უზრუნველყოფილ იქნას გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისისა და ადამიანის უფლებათა სხვა საერთაშორისო და რეგიონული მექანიზმებისათვის ადგილზე დაუყოვნებლივი და შეუფერხებელი წვდომა.

განცხადებაში ხაზგასმულია, გადაუდებელი საჭიროების მქონე ყველა სამოქალაქო პირისთვის შეუფერხებელი ჰუმანიტარული წვდომის უზრუნველყოფის აუცილებლობა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო, ნებაყოფლობითი, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნებისათვის საჭირო პირობების შექნის აუცილებლობა.

განცხადებაში აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ესტონეთის, ირლანდიის, ნორვეგიისა და საფრანგეთის წარმომადგენლები გამოხატავენ ჟენევის საერთაშორისო მოლაპრაკებებისა (GID) და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების (IPRMs), როგორც რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის შედეგად წარმოქმნილი უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა გამოწვევებზე საპასუხო მნიშვნელოვანი ფორმატების მხარდაჭერას და ხაზს უსვამენ გალში, შემდგომი შეფერხებისა თუ წინაპირობების გარეშე, შეხვედრების განახლების აუცილებლობას.
“ჩვენ ხაზს ვუსვამთ რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების აუცილებლობას საერთაშორისო სამართლის, მათ შორის, გაეროს წესდებისა და ჰელსინკის საბოლოო აქტის საფუძველზე.

დღეს ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს მის მიერ 2018 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების და ამ შეთანხმების შემდგომი განსახორციელებელი ზომების თაობაზე 8 სექტემბრის შეთანხმების მიხედვით აღებული ვალდებულებები; დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი სამხედრო და უსაფრთხოების ძალები, გააუქმოს საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთი ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და არ შეაფერხოს საერთაშორისო უსაფრთხოების მექანიზმის შექმნის პროცესი.”