საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია სუამ-ის წევრი ქვეყნების ეროვნული კოორდინატორების საბჭოს ონლაინ-სხდომის შესახებ

2021 წლის 14 სექტემბერს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ეროვნული კოორდინატორების საბჭოს 56-ე სხდომა გაიმართა, ვიდეო-კონფერენციის რეჟიმში.


ონლაინ-შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, სუამ-ის ეროვნულმა კოორდინატორმა, თეიმურაზ ჯანჯალიამ. სხდომას ასევე ესწრებოდნენ აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მაჰმუდ მამად-გულიევი, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და ევროპული ინტეგრაციის სამინისტროს სახელმწიფო მდივანი, ვლადიმირ კუკი, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, დმიტრო სენიკი და სუამ-ის გენერალური მდივანი, ალთაი ეფენდიევი. 

ონლაინ შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს ორგანიზაციის დღის წესრიგში არსებული აქტუალური საკითხები, მათ შორის პოლიტიკური, დარგობრივი და საპარლამენტთაშორისო მიმართულებით. ხაზი გაესვა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიის მაღალი დონის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილ აქტივობებს, მათ შორის სუამ-ის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომის ჩატარების მნიშვნელობას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სხდომის მონაწილეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების შესახებ. ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე და ადგილზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. 

თეიმურაზ ჯანჯალიამ ასევე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ურთიერთქმედების გაძლიერებაზე სუამ-ის პარტნიორებთან და ისაუბრა თანამშრომლობის პერსპექტივებზე სხვა ქვეყნებთან, რაც მიმდინარე წელს, სუამ-ში საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.