საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ევროპის ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანით არსებითი შედეგების მიღწევა - დავით ზალკალიანი

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა პარლამენტში სამთავრობო საათის ფარგლებში სიტყვით გამოსვლისას, ვრცლად ისაუბრა საქართველოსა და ევროპის ქვეყნებს შორის ორმხრივ თანამშრომლობასა და სამომავლო გეგმებზე.
 
მისი თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენს ევროპის ქვეყნებთან არსებული მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობების ფორმატების სტრატეგიულ დონეზე აყვანის კუთხით არსებითი შედეგების მიღწევა, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ქვეყნის ფუნქციის წარმოჩენას  დასავლელ პარტნიორებთან და მათი მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების პროცესში საქართველოს ლობირებას.
 
დავით ზალკალიანის გაცხადებით, 2021 წელი, მიუხედავად პანდემიისა, დატვირთული იყო როგორც ორმხრივი მაღალი დონის ვიზიტების გამართვის კუთხით, ასევე პოლიტიკური კონსულტაციების დადებითი დინამიკით ისეთ ქვეყნებთან, როგორიცაა დანია, ესტონეთი, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლიეტუვა, ნორვეგია, სლოვენია.
 
საგარეო უწყების ხელმძღვანელის ინფორმაციით, 2021 წელს ევროპის ქვეყნებთან გაიცვალა პრეზიდენტის, პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის არაერთი ვიზიტი, მათ შორის განხორციელდა საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტები ავსტრიაში, ბელგიაში, ვატიკანში, კვიპროსში, საფრანგეთში, უკრაინაში, შვეიცარიაში, ჩრდილოეთ მაკედონიაში, აგრეთვე პრემიერ-მინისტრის ვიზიტები ბელგიაში, ესპანეთში და უკრაინაში და საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტები ესპანეთში, რუმინეთში, სლოვენიასა და უკრაინაში.
 
ამავე წელს, საქართველომ უმსაპინძლა ლიეტუვის, მონტენეგროს, პოლონეთის პრეზიდენტების ორმხრივ ვიზიტებს, უკრაინის პრემიერ-მინისტრს; უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებს ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, ისევე როგორც, ევროკავშირის ეგიდით, ერთობლივი ვიზიტის ფარგლებში, ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს. ამასთან, აღსანიშნვია, რომ შედგა გაერთიანებული სამეფოს, ლატვიის, ლიეტუვის, სლოვაკეთის, უნგრეთის, შვედეთის (ეუთო-ს თავმჯდომარეობის კონტექსტში) საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტები.
 
ორმხრივი კავშირების გაძლიერების მიზნით, მინისტრის ინფორმაციით,  აქტიურად იქნა გამოყენებული მრავალმხრივი ფორუმებიც.
 
ამასთან, საქართველოს ვიცე-პრემიერმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა  სტრატეგიული თანამშრომლობის ისეთ ფორმატებზე,  როგორიცაა გაერთიანებულ სამეფოსთან უორდროპის სტრატეგიული დიალოგი:, საფრანგეთთან - „დიმიტრი ამილახვარის სახელობის ქართულ-ფრანგული დიალოგი, ასევე აღინიშნა ქართულ-გერმანულ-ფრანგული პოლიტიკური სამკუთხედის მნიშვნელობა და  ხაზი გაესვა  მაღალი დონის სტრატეგიული დიალოგის გააქტიურებას უკრაინასთან.
 
ევროპის ქვეყნებთან სამომავლო თანამშრომლობის გეგმებზე საუბრისას, დავით ზალკალიანმა აღნიშნა სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობა ისეთ ქვყნებთან როგორიცაა გერმანია, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, ასევე ნორდიკულ, ბენილუქსის ქვეყნებთან და შვეიცარიასთან მზარდი დინამიკის შენარჩუნების და თანამშრომლობის ახალი, პერსპექტიული მიმართულებების გამოკვეთის აუცილებლობა. ამასთან, საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ყურადღება გაამახვილა ბალტიის ქვეყნებთან ტრადიციულად მჭიდრო პარტნიორული და მეგობრული ურთიერთობების გაძლიერებაზე,  საქართველო-პოლონეთის სტრატეგიული დიალოგის ფორმატის ჩამოყალიბების მნიშვნელობასა და უკრაინასთან ურთიერთობების მხრივ, საქართველო-უკრაინის სტრატეგიული პარტნიორობის საბჭოს მიმართულებების ამოქმედების და სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების პოტენციალის სრულად გამოყენების აუცილებლობაზე.