საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროგრამების ფარგლებში გამოცხადებული კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დიასპორული საგრანტო პროგრამების: „დიასპორული ინიციატივების მხარდაჭერა“, „იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ და „უცხოეთში მოქმედი ქართული ცეკვისა და სიმღერის ანსამბლების მხარდაჭერა“ საგრანტო კონკურსების პირველი ეტაპი დასრულდა. აღნიშნული ეტაპი მიზნად ისახავდა კანდიდატების განაცხადთა ძირითად ფორმალურ მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენას, რაც გულისხმობდა საგრანტო პროგრამით განსაზღვრული დოკუმენტების წარმოდგენას პროგრამით განსაზღვრულ  ვადაში.  

23 თებერვალს გაიმართა საკონკურსო კომისიის პირველ სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ახალგაზრდობის სააგენტოსა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) წარმომადგენლებმა. 

კომისიის გადაწყვეტილებით, გამოვლინდა კონკურსის მომდევნო ეტაპზე გადასულ განმცხადებელთა ვინაობა, რაც წერილობით ეცნობება საგრანტო კონკურსებში მონაწილე ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ ხსენებული პროგრამები მიზნად ისახავს ქართული დიასპორის სამშობლოსთან კავშირების გაღრმავებას,  საქართველოსა და ქართული კულტურის საზღვარგარეთ პოპულარიზაციას, ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისა და ეროვნული ინტერესების მხარდამჭერი ღონისძიებების განხორციელებას, თანამემამულეებში ეროვნული იდენტობისა და კულტურული თვითმყოფადობის შენარჩუნებას, საქართველოს ახალგაზრდა უცხოელ მეგობართა წრის გაფართოებას. ამ მიზნით, საგრანტო პროგრამების ფარგლებში, მომდევნო ეტაპზე გადასული გამარჯვებულები მიმდინარე წლის 31 დეკემბრამდე განახორციელებენ მრავალფეროვან კულტურულ-შემოქმედებით, სპორტულ, საგანმანათლებლო და სხვა სახის აქტივობებს ადგილსამყოფელ ქვეყნებში. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს საგრანტო პროექტი -„იყავი შენი ქვეყნის ახალგაზრდა ელჩი“ ხორციელდება მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „განვითარებაზე მიგრაციის გავლენის გაძლიერება საქართველოში“ (STREAMinG) - ფარგლებში.