ლაშა დარსალია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის წარმომადგენლებს შეხვდა
2023 წლის 15 მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე ლაშა დარსალია დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სწავლებების სამეფო კოლეჯის (RCDS) გლობალური სტრატეგიის პროგრამის (GSP) მონაწილეებს შეხვდა. შეხვედრის ფარგლებში, მინისტრის პირველმა მოადგილემ კურსის მონაწილეებთან განიხილა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები და ისაუბრა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებზე.
განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე ქვეყნის მიერ მიღწეულ პროგრესსა და რეფორმების დღის წესრიგზე. ლაშა დარსალიამ RCDS-ის წარმომადგენლებს გააცნო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება, რომელიც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის შედეგია.
მონაწილეთა დაინტერესების საფუძველზე, მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა საქართველოს სამეზობლო პოლიტიკისა და რეგიონული განვითარების საკითხები. სასწავლო ვიზიტს, რომელიც კურსის კულმინაციურ ფაზას წარმოადგენს, უკვე ტრადიციული ხასიათი აქვს და მიმდინარე წელს საქართველოს, ყაზახეთსა და უზბეკეთს მოიცავს. კურსის მონაწილეები არიან თანამდებობის პირები ათზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის, საჯარო მოხელეები, სამხედროები, დიპლომატები და კერძო სექტორის წარმომადგენლები. ვიზიტის მიზანს წარმოადგენს რეგიონის უკეთ გაცნობა და მისი უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის გააზრება სტრატეგიული პერსპექტივის ჭრილში.