Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს ახლადდანიშნული მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრა გამართა. მთავრობის მეთაურმა სამინისტროს გუნდს ახლადდანიშნული მინისტრი,მაკა ბოჭორიშვილი წარუდგინა. ირაკლი კობახიძემ საგარეო უწყების ახალ ხელმძღვანელს წარმატებები უსურვა სამომავლო საქმიანობასა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის საქმეში.


მაკა ბოჭორიშვილმა მთავრობის მეთაურს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვის და არსებული გამოწვევების დაძლევის საქმეში, სამინისტროს გუნდის მაღალპროფესიონალიზმის და საქმისადმი ერთგულების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მინისტრმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას აღნიშნა, რომ თითოეული დეპარტამენტის წარმომადგენლებთან სამუშაო რეჟიმში განიხილავს სამინისტროს საქმიანობის შესაბამის პრიორიტეტულ მიმართულებებს და სამოქმედო გეგმას.


შეხვედრაზე პრემიერ-მინისტრმა ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მომდევნო წლებში მმართველი გუნდის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებზე ისაუბრა. როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ხელისუფლებას საგარეო პოლიტიკის მიმართულებით ამბიციური გეგმები აქვს, მთავარი საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტი ევროკავშირში ინტეგრაციაა და 2028 წლისთვის ასოცირების დღის წესრიგით და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი შესრულებული იქნება. ირაკლი კობახიძემ ასევე ისაუბრა ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის გადატვირთვის მნიშვნელობაზე, სხვა პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლობაზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე.


პრემიერ-მინისტრმა სამინისტროს გუნდს და ყოფილ მინისტრს, ილია დარჩიაშვილს გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა ქვეყნის განვითარების საქმეში უწყების თითოეული თანამშრომლის მნიშვნელოვან როლს. შეხვედრა დისკუსიის რეჟიმში წარიმართა. მთავრობის მეთაურმა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.